თავისუფლებიც სრულად შეიკვრნენ

27 აპრილი 2012

ძიუდოისტებს არც თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩამორჩნენ და ლონდონის ოლიმპიადისთვის სრული გუნდი შეკრეს. სიმართლე ითქვას ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ზაზა თურმანიძის გაწვრთნილები ამას მოახერხებდნენ, უბრალოდ დროის ამბავი იყო.

თავისუფლებმა ოთხი ლიცენზია გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეს, ორიც ამას წინათ ბულგარეთის სალიცენზიო ტურნირზე, ხოლო ეს წუთია ჩინეთში მიმდინარე საკვალიფიკაციო შეჯიბრზე ის ერთადერთი ვაკანტური ადგილიც შეივსო.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთარ თუშიშვილმა, რომელიც წინა ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია ლონდონის საგზური ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ გაინაღდა. თუშიშვილმა საწყის ეტაპზე გერმანელ სამეთ დუელგერს მოუგო, შემდეგ კიმ-დაი სუნგს სძლია, მის გზასვე გაუყენა თურქი გორ იუკუპი, ნახევარფინალში კი საკმაოდ ძლიერი ჩრდილოეთ კორეელი ფალავანი სონგ იანგი დაამარცხა და ფინალში გასვლასთან ერთად ავტომატურად ოლიმპიურ ლიცენზიაც დაისაკუთრა.

ამრიგად ჩვენს ყულაბაში ოფიციალურად 23 ოლიმპიური ლიცენზიაა.