საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი C40-თან თანამშრომლობას იწყებს

27 ივნისი 2018

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ორგანიზაცია C40-თან თანამშრომლობის დაწყება გამოაცხადა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში ეკოლოგიის დასაცავად იბრძვის. გლობალური მასშტაბის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა მონაკოს მმართველმა პრინცმა ალბერ მეორემ, რომელიც IOC-ის განვითარებისა და მემკვიდრეობის კომისიის თავმჯდომარეა პარიზის მერთან და C40-ის თავმჯდომარესთან ანე იდალგოსთან ერთად (საბჭოს პრეზიდენტია ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი).

დღეიდან IOC და C40 დაინტერესებულ ქალაქებთან, ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის კანდიდატ და მასპინძელ (ტოკიო-2020, პეკინი-2022, პარიზი-2024, ლოს ანჯელესი-2028) ქალაქებთან ერთად იმუშავებენ ეკოლოგიურ პროგრამებზე. მთლიანობაში C40-ის ქსელი აერთიენებს მსოფლიოს 96 ქალაქს, რომელთა საერთო მოსახლეობაც 700 მილიონს აღემატება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განვითარების სტრატეგია, რომელიც IOC-ის სტრატეგიული გზამკვლევის - „დღის წესრიგი 2020"-ის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, ხუთ ძირითად მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, აქედან ერთ-ერთი კლიმატზე და ბუნებაზე ზრუნვაა.