ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის დელეგატებმა მინსკი-2019-ის მზადებას მაღალი შეფასება მისცეს

28 ივნისი 2018

მინსკის „დინამოს" სტადიონს, რომელიც გაისად ევროპის მეორე თამაშების გახსნა- დახურვის ცერემონიალებს და მძლეოსანთა ასპარეზობებს უმასპინძლებს, ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის (EA) ტექნიკური დელეგატები სტუმრობდნენ.

ევროპის მძლეოსნობის ასოციაციის ექსპერტები საშეჯიბრო და საასპარეზო ინფრასტრუქტურას გაეცნენ. გარდა ამისა, განიხილეს სტადიონზე ჩასატარებელ ღონისძიებათა საკითხები. ასევე შედგა სამმხრივი შეხვედრა EA-ს ტექნიკურ დელეგატებს, 2019 წლის ევროპის მეორე თამაშების დირექციასა და თამაშების შიდა მაუწყებელ - ესპანურ მედიაჰოლდინგ ISB-ს შორის.

მულტისპორტული ღონისძიებისთვის „დინამოს" მზადებას დელეგატებმა მაღალი შეფასება მისცეს.

ევროპის მეორე თამაშებზე მძლეოსანთა შეჯიბრებები ახალი ფორმატით - „დინამიური ახალი მძლეოსნობა" (Dynamic New Athletics) ჩატარდება. მის მონაწილეებს შანსი ექნებათ 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის თამაშებისთვის საკვალიფიკაციო ნორმატივები შეასრულონ.