მინსკი 2019-ის უმთავრეს არენას IAAF-მა პირველი კლასი მიანიჭა

02 ივლისი 2018

მინსკის „დინამოს" სტადიონი, რომელიც გაისად ევროპის მეორე თამაშების (21-30 ივნისი) გახსნისა და დახურვის ცერემონიალებსა და მძლეოსანთა ასპარეზობებს უმასპინძლებს, მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციისგან (IAAF) პირველი კლასის სერტიფიკატი მიიღო. 2019 წლის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიების მთავარი არენისთვის მინიჭებულ შესაბამის სერტიფიკატს ხელს აწერენ IAAF-ის პრეზიდენტი სებასტიან კოე და ამავე ასოციაციის ტექნიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ხორხე სალკედო.

სერტიფიკატი უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირების, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საშუალებას იძლევა. რეკონსტრუირებული 34-ათასიანი „დინამოს" სტადიონი 21 ივნისს გაიხსნა.

ჩატარებული სამუშაოებით ასევე კმაყოფილია 2019 წლის ევროპის თამაშების აღმასრულებელი დირექტორი საიმონ კლეგი: „მინსკის „დინამოს" სტადიონი შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბებით და ატმოსფეროთი. მჯერა, რომ მეორე ევროპულ თამაშებზე ბრწყინვალე გახსნის ცერემონიალს და მძლეოსანთა ასპარეზობებს ვიხილავთ."