იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში

03 ივლისი 2018

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა  ლერი ხაბელოვმა სეოკ-ის შტაბ-ბინაში უმასპინძლა  იაპონიის ელჩს  საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა.  შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე.

მხარეებმა განიხილეს  ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენების მზადების პერიოდში ურთიერთანამშრომლობის საკითხები. იაპონიის ელჩმა ისაუბრა მისი ქვეყნის მთავრობისა და სხვადასხვა პრეფექტურების მიერ შემუშავებული სპეციალური ოლიმპიური პროგრამების შესახებ. როგორც ტადაჰარუ უეჰარამ აღნიშნა, საელჩო მოხარული იქნება, თუ საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და საწრთნელ შეკრებაზე იაპონიაში გააგზავნის თავის სპორტსმენებს, პირველ რიგში მოჭიდავეთა  ნაკრებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს კომიტეტში მეორედ სტუმრობისთვის და მხარდაჭერისთვის.  „ჭიდაობის ფედერაციასთან და მწვრთნელებთან ერთად დეტალურად განვიხილავთ თქვენს წინადადებას და ახლო მომავალში გაცნობებთ ჩვენი გადაწყვეტილებისა და გეგმების შესახებ. კარგი იქნება, თუ იაპონიაში საწვრთნელი შეკრების პარალელურად, ჩვენს სპორტსმენებს შესაძლებლობა მიეცემათ იქვე რომელიმე ტურნირში გამოვიდნენ და  ოლიმპიადის წინ ძალები მოსინიჯონ, " - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა. მან რწმენა გამოთქვა, რომ იაპონელები წარმატებით უმასპინძლებენ ოლიმპიურ თამაშებს და, ამავე დროს, ეს ოლიმპიადა ქართველი სპორტსმენებისაც წარმატებული იქნება.