ბაგრატ გაგნიძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა

05 ივლისი 2018

ზაგრებში, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლები ხუთ - 45, 51, 60, 71 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.

საქართველოს ნაკრებს თითოეულ წონაში ჰყავდა წარმომადგენელი, მაგრამ აქედან წარმატებას მხოლოდ ერთში - 71-ში მიაღწია.

ბაგრატ გაგნიძემ  საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ინდოეთის წარმომადგენელი ბალიან გოურავი დაამარცხა.

ერთი დღით ადრე მესამე ადგილი დაიკავა გიორგი გეგელაშვილმა (48 კგ.).

გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ირანი გავიდა, მეორეზე აშშ, ხოლო მესამეზე რუსეთი.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობას 6 ივლისიდან შეუდგებიან. საქართველოს ნაკრები ათივე წონაში იქნება წარმოდგენილი.