ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი 24 ივლისს დაინთება

06 ივლისი 2018

24 ივლისს ათენის „პანათინაიკოსის" სტადიონზე ბუენოს აირესის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლის დანთების სადღესასწაულო ცერემონიალი გაიმართება. მეორე დღეს ცეცხლს ბუენოს აირესის პროვინციის დედაქალაქ ლა პლატაში ჩაიტანენ, 5 აგვისტოდან კი დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა.

ესტაფეტის მონაწილეებს ქვეყანაში 60-დღიანი ტურნე და 14- ათასკილომეტრიანი მარშრუტი ელით (თითოეულ ქალაქში კილომეტრზე 10 მეჩირაღდნეა გათვალისწინებული). ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა 6 ოქტომბერს, არგენტინის დედაქლაქის ცენტრში, ბუენოს აირესის ობელისკთან საზეიმო დახვედრით დასრულდება და არა სტადიონზე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მედლებისთვის სპორტის 32 სახეობის 3998 წარმომადგენელი იბრძოლებს.