ხუთჭიდელმა გაგა ხიჯაკაძემ ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

19 ივლისი 2018

ქართველმა სპორტსმენმა გაგა ხიჯაკაძემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და თანამედროვე ხუთჭიდში მოიპოვა 2018 წლის ზაფხულის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.

შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი სეოკ-მა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციიდან (UIPM) მიიღო. არგენტინაში სულ 24 საუკეთესო ხუთჭიდელი იასპარეზებს.

გაგა ხიჯაკაძემ თანამედროვე ხუთჭიდში ვარჯიში დაიწყო 2013 წელს. 2014 წლიდან მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებებში. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა წლეულს თბილისში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაში, როცა ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და პირველ ადგილზე გავიდა.