ტოკიო 2020 სიცხესთან ბრძოლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებს

28 ივლისი 2018

ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი ზაფხულისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურის პრობლემის მოგვარებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეეცდება. ეს საკითხი განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო დღეებში იაპონიაში დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი სიცხის შემდეგ.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მასპინძლებს გადაწყვეტილი აქვთ სიცხესთან საბრძოლველად  გამოიყენოს  გამაგრილებელი ნივთიერებები და ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ტემპერატურის აწევას დაამუხრუჭებს.

ბოლო დღეებში ტოკიოში და მთლიანად იაპონიაში ისეთი ვითარებაა, თითქოს საუნაში ვცხოვრობთ - ამბობს იაპონიის დედაქალაქის გუბერნატორი იურიკო კოიკე, - სპორტსმენები ჯანმრთელები და ყოველმხრივ მომზადებულნი არიან, რასაც გადაჭრით ვერ ვიტყვით მაყურებელზე, რომლებიც მათ საქომაგოდ გამოვლენ. როგორ ვებრძლოთ სიცხეს? ეს 2020 წლის წარმატებული ოლიმპიადისთვის მზადების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია".

ორგანიზატორთა ცნობით, გზებზე, მათ შორის მარათონისთვის განკუთვნილ ტრასაზე ისეთ სითხეს მოაფრქვევენ, რომელიც სითბოს და ულტრაისფერ სხივებს აირეკლავს, ამით კი  ტემპერატურის დაგდება იქნება შესაძლებელი.