გია ნაცვლიშვილი: ძიუდოისტებმა ლონდონში არ უნდა გაგვაწბილონ
„თავდაპირველად მინდა ძიუდოისტთა ნაკრებს რამდენიმე დღის წინათ რუსეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მიღწეული წარმატება მივულოცო.
როგორც პირადში, ასევე გუნდურში ჩინებულად იასპარეზეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთი დაბალანსებული გუნდი ძიუდოში წინა ორ ოლიმპიადაზე ათენსა და პეკინში არ გვყოლია. თითოეულ მათგანს აქვს იმის პოტენციალი, რომ ლონდონში მედლებისთვის იბრძოლონ. ბიჭებმა ლიცენზიები უპრობლემოდ მოიპოვეს, როგორც ავღნიშნეთ ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავი შედეგი აჩვენეს და ვფიქრობ ოლიმპიადასაც კარგი განწყობით შეხვდებიან. ლონდონამდე უკეთ მოსამზადებლად დრო კიდევ არის და მჯერა სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ოლიმპიურ თამაშებს საშეჯიბრო ფორმის პიკში შეხვდეთ"- ეს სიტყვები გია ნაცვლიშვილმა დღეს სეოკ-ში ძიუდოისტთა ნაკრების მიღებაზე თქვა.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე, გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე, ნაკრების მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი და სხვები.
გიორგი ალექსიძემ სპორტულ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ლონდონიდან პიტერ ზაიზენბახერის გაწრთვნილები თავაწეულნი დაბრუნდებიან. მისი თქმით მოსამზადებელი გრაფიკი მისხალ-მისხალ არის გაწერილი, ამაღამ კი გუნდი შეკრებაზე ალჟირში მიემგზავრება.
შეხვედრის დასასრულს ევროპის ჩემპიონებმა „ლონდონი 2012"-ის სალიცენზიო დაფაზე საკუთარი ხელმოწერები დააფიქსირეს.