ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა მინსკი-2019-თვის მზადება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან განიხილა

05 სექტემბერი 2018

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი მინსკში EOC-ის საკოორდინაციო კომისიის სხდომამდე შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეთაურიც გახლავთ.

პრეზიდენტებმა მეორე ევროპული თამაშებისთვის მზადების საკითხი განიხილეს.

ჩემი აზრით, თამაშებისთვის მზადება ძალიან კარგად მიდის. შესანიშნავი ადამიანური რესურსები გაქვთ. დიდ სამუშაოს ასრულებთ, რასაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. მჯერა, ორგანიზება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს და ბელარუსი ბრწყინვალე თამაშებს უმასპინძლებს", - ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა იანეზ კოჩიანჩიჩმა.

EOC-ის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ბელარუსულ მხარეს მინსკი 2019-ის სტუმრებისთვის ქვეყანაში უვიზოდ შესვლის გადაწყვეტილების მიღების გამო.

ბელარუსის დედაქალაქში ევროპული თამაშები 2019 წლის 21-30 ივნისს ჩატარდება. ეს არის საერთაშორისო მულტისპორტული შეჯიბრება, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. ამჯერად მედლები სპორტის 15 სახეობაში გათამაშდება, აქედან 10 სახეობას ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება.