წარმატებულ კურსდამთავრებულებს IOC -ის დიპლომები გადაეცათ

25 სექტემბერი 2018

25 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა შეხვედრა სპორტული მენეჯმენტის უმაღლესი კურსების(ASMC) წარმატებულ კურსდამთავრებულებთან. აღნიშნული კურსები უკვე მეოთხე წელია ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ეგიდითა და ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით. კურსებს უძღვება პროგრამის სერტიფიცირებული დირექტორი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი რუსუდან აფციაური.

სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლების მენეჯმენტის პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და გადასცეს სოკ-ის მიერ გამოგზავნილი დიპლომები.
დიპლომები მიიღეს 9 ფედერაციისა და სპორტული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
2015 წლიდან მოყოლებული, მენეჯმენტის უმაღლესი კურსები გაიარა სპორტის 15 ფედერაციის 140-მდე მსმენელმა, დიპლომი კი 38-ს გადაეცა.

კურსდამთავრებულთა შორის არიან სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულისპეციალისტები, მწვრთნელები, ადმინისტრატორები და მოხალისეები. სპორტული მენეჯმენტის კურსები მოიცავდა 6 თემას: ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, ფინანსური მართვა, მარკეტინგი და მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება.