გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

26 სექტემბერი 2018

ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს მძიმე წონაში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან საქართველოს ნაკრების წევრმა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გურამ თუშიშვილმა უმაღლესი სინჯის ჯილდო დაიმსახურა.

თუშიშვილი (+100 კგ) ფინალისკენ მიმავალ გზაზე ოთხი მოგებული შეხვედრის შემდეგ, საჩემპიონო ბრძოლაში აზრებაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს შეხვდა. ძირითადი დროის მიწურულს ჩვენმა მძიმეწონოსანმა ეფექტური გდებით წმინდა გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი სამივე ხარისხის თითო მედლით დაასრულა. გურამ თუშიშვილის ოქროს მედალს წინ უძღოდა ვარლამ ლიპარტელიანის (100 კგ) ვერცხლის და ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ბრინჯაოს მედლები (შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში გამართულ 2017 წლის მსოფლიოს ჩემ[პიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი აიღეს).

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ქართველთაგან მსოფლიოს ჩემპიონობა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) 2014 წელს ჩელიაბინსკში იზეიმა.