EOC-მა 2023 წლის ევროპული თამაშების ჩასატარებლად განაცხადები დააგზავნა

27 სექტემბერი 2018

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) აღმასრულებელმა საბჭომ კონტინენტის 50 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს 2023 წლის ევროპული თამაშების ჩასატარებლად განაცხადის შესავსები ფორმები დაუგზავნა.

დოკუმენტებს თან ახლავს EOC-ის პრეზიდენტის იანეზ კოჩიანჩიჩისა და  გენერალური მდივნის რაფაელე პანოცის სახელით შედგენილი წერილები. EOC-ის ხელმძღვანელები დაინტერესებულ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს და ქალაქების ხელისუფლებებს ეპატიჟებიან რომში, ორგანიზაციის შტაბბინაში,  ერთდღიან სესიაზე.

განაცხადის ფორმაში ქალაქი კანდიდატებისთვის მითითებულია ვადები და მოთხოვნები. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 28 თებერვალია.

მეორე ევროპულ თამაშებს 2019 წლის 21-30 ივნისს 12 სპორტულ ობიექტზე უმასპინძლებს მინსკი.