ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები დაუვიწყარი ასპარეზობების ჩატარების პირობას დებენ

29 სექტემბერი 2018

ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 2020 წლის 24 ივლისს ოლიმპიურ სტადიონზე შედგება, თუმცა ასპარეზობები ორი დღით ადრე საფეხბურთო ტურნირით და სოფტბოლით დაიწყება. გარდა ამისა, უშუალოდ გასხნის ცერემონიის დღეს გულშემატკივარს ნიჩბოსანთა და მშვილდოსანთა საკვალიფიკაციო შეჯიბრებებზე დასწრების საშუალება ექნება.

ოლიმპიური თამაშები სრული მასშტაბით 25 ივლისიდან ამოქმედდება. ასპარეზობები გაიმართება სპორტის 21 სახეობაში, ხოლო 3 მათგანში - მშვილდოსნობაში, ველოსპორტსა და ტაეკვონდოში პირველი მედლები გათამაშდება.

ტოკიოს თამაშების ორგანიზატორები 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით დაუვიწყარი ასპარეზობების ჩატარების პირობას დებენ. 17 დღის განმავლობაში სპორტის 33 სახეობაში მედლების 339 კომპლექტი გათამაშდება. ოლიმპადა 9 აგვისტოს, თამაშების დახურვის დღეს ტოკიოს ქუჩებში მარათონული გარბენით დაგვირგვინდება.