თომას ბახი ოლიმპიურ ცეცხლთან ერთად უკიდურეს სამხრეთ წერტილს ეწვია

02 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა უშუაიაში, ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგზე ბუენოს აირესის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა.

IOC-ის პრეზიდენტს მასპინძლობას უწევდა არგენტინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და იმავდროულად მესამე ახალგაზრდული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ხერარდო ვერთეინი.

ოლიმპიური ცეცხლის არგენტინის დედაქალაქში ჩატანამდე ჩირაღდანმა უშუაიას ქუჩებში იმოგზაურა.

„ეს არის შესანიშნავი შემთხვევა მეტად მნიშვნელოვანი მომენტის თქვენთან ერთად გასაზიარებლად. ამბობენ, რომ უშუაია სამყაროს დასალიერია, მაგრამ ახლა ახალგაზრდული ოლიმპიური ცეცხლის ჩამოსვლით, ვფიქრობ, რომ ყველას იმის განცდა აქვს, რომ უშუაია სამყაროს თავშია", - განაცხადა თომას ბახმა.

უშუაია სამხრეთ ამერიკის უკიდურესი სამხრეთ წერტილია და მას „სამყაროს დასალიერადაც" მოიხსენიებენ. ასე რომ, პირველად ოლიმპიური ცეცხლი უკიდურეს სამხრეთს ეწვია.