თომას ბახი ბუენოს აირესის თამაშების დაწყებას მოუთმენლად ელის

06 ოქტომბერი 2018

დღეს, არგენტინის დროით 18 საათზე გაიმართება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები საზეიმო გახსნის ცერემონია. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა არგენტინის დედაქალაქში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ბუენოს აირესში მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაწყებას.

ზაფხულის მესამე თამაშების გახსნის ცერემონია ქალაქის ცენტრში შედგება და არა სტადიონზე, როგორც აქამდე ხდებოდა. შესაბამისად, გახსნაზე დასწრება ყველა მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ღია ვართ. გვინდა, რომ მათ საკუთარი თავი ამ ღონისძიების ნაწილად იგრძნონ",- განაცხადა თომას ბახმა.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამის რიგ დისციპლინებში ასპარეზობები პირველად შედგება, ხოლო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ექნებათ. ამ შემთხვევაში საუბარია BMX-ფრისტაილზე და მეკლდეურობაზე.

„აქ მეტად თანამედროვე პროგრამა იქნება. გვინდა, რომ ეს თამაშები ერთგვარ ლაბორატორიად გამოვიყენოთ, რათა შევამოწმოთ, როგორ მუშაობს და როგორ ჩაეწერება პროგრამაში ოლიმპიური სტატუსის არ მქონე ესა თუ ის დისციპლინა, - აღნიშნავს თომას ბახი.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 4 ათასი სპორტსმენი, რომლებიც სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებენ.