ბუენოს აირესში ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იწყება

06 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე საათები რჩება. რიოს ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც თამაშები სამხრეთ ამერიკაში  ტარდება.

არგენტინის დედაქალაქში მთელი მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი. მათ შორის არიან საქართველოს  წარმომადგენლებიც. გახსნის ცერემონიაზე ჩვენი დელეგაციის მედროშე იქნება ლუკა მაზიაშვილი (კალათბურთი 3X3).

ახალგაზრდა ოლიმპიელები ოლიმპიურ სოფელში დაბინავდნენ, რომელიც ახლადგაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსშია განთავსებული.

ასპარეზობები 4 ოლიმპიურ პარკზეა გაშლილი. სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ობიექტზე გადასაადგილებლად შატლები ემსახურებათ.

ბუენოს აირესში ახლა გაზაფხულია. ტემპერატურა 17-20 გრადუსი.

ისევე როგორც წინა ორ თამაშებზე სინგაპურსა და ნანძინში, სიახლეებია ბუენოს აირესის თამაშებზეც. მათ შორის აღსანიშნავია გახსნის ცერემონია, რომელიც შედგება არა სტადიონზე, არამედ რესპუბლიკის მოედნის ცენტრში, მთავარ  ობელისკთან. გახსნის ცერემონიაზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია. თავისუფალია შეჯიბრებებზე დასწრებაც.