მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

07 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესში, რესპუბლიკის მოედანზე საზეიმოდ გიხსნა  მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ორიგინალური ცერემონია ღია ცის ქვეშ, არგენტინის დედაქალაქის ცენტრში აღმართულ ობელისკთან ჩატარდა.

ბუენოს აირესის სიმბოლო - 67-მეტრიანი El Obelisco 1936 წელს, ქალაქის დაარსების 400 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშენდა. ცერემონიის ძირითადი და ერთობ შთამბეჭდავი ვერტიკალური წარმოდგენა სწორედ ამ მონუმენტური ნაგებობის კედლებზე მოეწყო. ასევე საინტერესო და ემოციური იყო ცერემონიის მუსიკალური ნაწილი. თამაშებში მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმის შემდეგ (საქართველოს დროშა კალათბურთელ ლუკა მაზიაშვილს მოჰქონდა), ბუენოს აირესის მთავარ ქუჩაზე შეკრებილი მაყურებლის წინ ჩაიარეს სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და ოლიმპიური მისიის სხვა წევრებმა.

ვიდრე ოლიმპიური ცეცხლი აგიზგიზდებოდა, სპორტსმენებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა: „ ვიდრე აქ ჩამოხვიდოდით, თითოეული თქვენგანი ბევრს ვარჯიშობდა და ჯიბრებებში მონაწილეობდა. აი, ამიტომაც იმსახურებთ ამ თამაშებზე ყოფნას. თქვენ ჩამოხვედით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, გაქვთ სხვადასხვა კულტურა, მაგრამ თქვენ გაერთიანებთ ოლიმპიური ფასეულობები - მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. მისდევთ რა ამ ღირებულებებს, თქვენ  ხართ მნიშვნელოვანი ადამიანები სპორტში და ცხოვრებაში."