წარუმატებელი პირველი დღე

07 ოქტომბერი 2018

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველი საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სპორტსმენებისთვის.

ანა მაქაცარია ირლანდიელ გეორგია დრიმთან ერთად წყვილთა ტურნირში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოვიდა. ეს არის საჩოგბურთო ოლიმპიური ტურნირის ახალი დისციპლინა, რომელიც სწორედ სოკ-ის რეკომენდაციით შევიდა ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. პირველ წრეში ქართულ-ირლანდიური დუეტი იაპონელებს - იუკო ნაიტოს და ნაო სატოს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 5:7.

ტაეკვონდში ზურაბ კინწურაშვილმა (48 კგ)  პირველივე შეხვედრა დათმო (11:30) კორეელ იმ სონგბინთან  და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საბოლოოდ კორეელი სპორტსმენი თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ოქროს მედალი კი რუსმა დმიტრი შიშკომ მოიგო.

8 ოქტომბერს ანა მაქაცარიას კვლავ უწევს კორტზე გასვლა, ამჯერად - ერთეულთა თანრიგში. პირველ წრეში მისი მეტოქე იქნება ლიხტენშტაინელი სილვია ზანდი. ეს შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე უნდა დაიწყოს.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს შეგიძლიათ  თვალყური   ადევნოთ  შემდეგი ლინკის საშუალებით  https://www.olympicchannel.com/en/stories/news/detail/buenos-aires-2018-youth-olympics-sport-live-streaming-schedule/ . ასევე ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობის შესახებ ინფორმაცია დაიდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიტზე http://geonoc.org.ge/ და ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე - https://www.facebook.com/geonoc.org.ge/