ანა მაქაცარიამ პირველი ზღუდე ვერ დაძლია

08 ოქტომბერი 2018

8 ოქტომბერს დაიწყო ჩოგბურთელ გოგონათა ტურნირი ერთეულებში. პირველ წრეში ჩვენი ლიცენზიანტის - ანა მაქაცარიას მეტოქე იყო ლიხტენშტაინელი სილვია ზანდი. პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. მაქაცარიამ ბოლო 2 გეიმი დათმო და სეტში ანგარიშით 5:7 დამარცხდა. მეორე სეტში ანა შეეცადა ვითარების შეცვლას, თამაშში აქტიურად ჩაერთო, მაგრამ მატჩის მიწურულს კვლავ მოადუნა ყურადღება და მას შემდეგ, რაც ანგარიში 3:3 იყო, ზედიზედ 3 გეიმი წააგო და შეჯიბრებას პირველივე წრეში გამოეთიშა.

9 ოქტომბერს მაქაცარიას კიდევ ერთი ოლიმპიური სტარტი აქვს, ამჯერად - შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში. აქ მისი პარტნიორი იქნება არუბელი პატრიკ სიდოუ.

9 ოქტომბერი საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის ყველაზე დატვირთული დღეა. თბილისის დროით 16 საათზე სასტარტო მატჩში ჩვენი კალთბურთელები სლოვენიას დაუპირისპირდებიან, ორსაათნახევრის შემდეგ კი იორდანიასთან ითამაშებენ. 3X3 კალათბურთის ოლიმპიურ ტურნირში მოასპარეზე 20 ნაკრები 4 ხუთგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. წრიული სისტემით გამოვლინდებიან ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები, რომლებიც უკვე ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ მედლებისთვის ბრძოლას. გარდა სლოვენიისა და იორდანიისა, ჩვენს ჯგუფში ასევე არიან თურქმენი და ჩინელი კალათბურთელები, რომლებსაც ქართველები 13 ოქტომბერს ეთამაშებიან.

9 ოქტომბერს ცეცხლის ხაზზე დადგება ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე, ოლიმპიურ სარბიელზე ასევე გავლენ მხატვრული ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილი, ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) და ძალოსანი არჩილ მალაყმაძე (69 კგ).