ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს სენეგალი უმასპინძლებს

08 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესში მიმდინარე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) 133-ე სესიაზე 2022 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლად სენეგალის დედაქალაქი დაკარი გამოცხადდა.

აფრიკისთვის ამ მეტად სადღესასწაულო წუთს, განსაკუთრებით კი სენეგალისთვის, ყველა აფრიკელის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი პატივისცემა იმისთვის, რომ ჩვენზე გააკეთეთ არჩევანი, - სესიის მონაწილეების მიმართ მადლიერება გამოხატა სენეგალის პრეზიდენტმა მაკი სალიმ, - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განსაკუთრებულ პირობებში გიმასპინძლოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ სენეგალი ამ გამოწვევას თავს გაართმევს."

ის, რომ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს აფრიკა უმასპინძლებდა, ამაზე IOC-ში წლეულს გაზაფხულზე განაცხადეს.

ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების უმაღლეს დონეზე სამასპინძლოდ ასევე მზად იყვნენ ბოტსვანა, ნიგერია და ტუნისი, მაგრამ IOC-ის შემფასებელი კომისიისთვის უფრო მომხიბვლელი სენეგალის პროექტი აღმოჩნდა.