ქეთევან არბოლიშვილი მეათეა

10 ოქტომბერი 2018

დასრულდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ორდღიანი საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 36 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის - ქეთევან არბოლიშვილი.

პირველი დღის შემდეგ, როცა ორი დისციპლინის - რგოლით და ბურთით ვარჯიშის  შეფასებები შეჯამდა, არბოლიშვილს მერვე შედეგი (რგოლი - 14.550, ბურთი - 15.750) ჰქონდა. 10 ოქტომბერს გაიმართა შეჯიბრება დარჩენილ ორ დისციპლინაში (გურზები, ლენტი) და გაირკვა 8 ფინალისტის ვინაობა, რომლებიც 16 ოქტომბერს მედლებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას. სამწუხაროდ, ფინალისტთა შორის ვერ მოხვდა ქეთევან არბოლიშვილი. მან გურზებით 14.750 ქულა მიიღო, ლენტით - 12.000, ოთხი ვარჯიშის  ჯამში 57.050 ქულა დაუგროვდა და საბოლოოდ მეათე ადგილზე გავიდა.

11 ოქტომბერს ქართველ სპორტსმენებს გამოსვლა არ უწევთ, 12 ოქტომბერს კი ოლიმპიურ თამაშებში ჩაებმებიან გიორგი თოხაძე, გიორგი ჩხიკვაძე (ორივე-ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა). ამ დღეს კიდევ ერთი სტარტი ექნება ტყვიის სროლაში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორს ნინო ხუციბერიძეს, რომელიც კანადელ პარტნიორთან ერთად საერთაშორისო შერეულ წყვილთა შეჯიბრებაში გამოვა.