ისტორიული შედეგი: საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრები ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

13 ოქტომბერი 2018

საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ზურაბ ჟღენტი და ოთარ პერტაია, ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე,  13 ოქტომბერს  ზედიზე ორი მატჩი მოიგო და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. ეს მართლაც ისტორიული შედეგია:  სათამაშო სახეობაში ოლიმპიურ თამაშებზე ქართულ გუნდს არასოდეს არ უასპარეზია, შესაბამისად - ოლიმპიური საგზურის მოპოვება უკვე უპრეცედენტო შემთხვევა იყო,  ჯგუფიდან გასვლა და 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა კი ძალზე მნიშვნელოვანი წარმატებაა.

საკალათბურთო ტურნირის სტარტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ჩვენმა გუნდმა 9 ოქტომბერს სლოვენიასთან პირველ მატჩზე დააგვიანა და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, ქართველმა კალათბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და  ჯგუფში დანარჩენი სამივე მეტოქე დაამარცხეს. ბოლო ორი შეხვედრა სწორედ 13 ოქტომბერს გაიმართა. საქართველომ ჯერ თურქმენებს აჯობა (20:9),  ჯგუფიდან გასასვლელი მატჩი კი მთავარ კონკურენტს _ ჩინეთს მოუგო (15:10). ამ ამბავს საგანგებოდ გამოეხმაურა ბუენოს-აირესი-2018-ის ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ჩვენი კალათბურთელების ოსტატობას და თავდადებას.

A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდიოდა, პირველი ადგილი სლოვენიამ დაიკავა და მეოთხედფინალში რუსეთს დაუპირისპირდება. ჯგუფში მეორე ადგილზე გასული საქართველო პლეი-ოფში  ოლიმპიადის მასპინძელ არგენტინას 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:15 საათზე ეთამაშება.