ბუენოს აირესის ახალგაზრდულ თამაშებს მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო

19 ოქტომბერი 2018

ბუენოს აირესში ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოლიმპიურ სოფელში შედარებით მოკრძალებული დახურვის ცერემონიით დასრულდა.

მართლაც ფანტასტიური ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გვქონდა. ჩვენ ყველა ერთად ვმონაწილეობდით სპორტის უდიდეს ფესტივალში, - დახურვის ცერემონიისას განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა, - ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო თქვენი ცქერა. მინდა მადლობა გადავუხადო არგენტინას, მოხალისეებს, ორგანიზატორებს, რომლებმაც ამ ფესტივალს ფრთები შეასხეს. თქვენ საუკეთესოები იყავით."

ბუენოს აირესი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ახალგაზრდულ მულტისპორტულ ღონისძიებას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ორგანიზატორთა განმარტებით, ამ მონაცემში გათვალისწინებულია მაყურებელთა რაოდენობა, რომლებიც სტუმრობდნენ სპორტულ ობიექტებს და გახსნის ცერემონიას.

ადრე ითქვა, რომ თამაშების გახსნას, რომელიც ისტორიაში პირველად შედგა არა სტადიონზე, არამედ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ბუენოს აირესი 2018-ის პრეზიდენტის და იმავდროულად IOC-ის წევრის ხერარდო ვერთეინის თქმით, 4 ათასზე მეტმა ათლეტმა აქ ყოფნით პატივი დასდეს არგენტინას: 

„თომას ბახის მეთაურობით IOC-ის მთლიან გუნდს და ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის და შესაძლებლობისთვის, გაგვეკეთებინა რაღაც განსხვავებული."