საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

21 ოქტომბერი 2018

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირადი პირველობის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძემ ნახევარფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ ფინალში გამსვლელ ორთაბრძოლაში ჰოლანდიელ სიმეონ კატარინასთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა. სანებლიძეს მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟში კანადელ შეიდი ელნაჰასთან მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა და მესამე ადგილიც დაიკავა.

მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა გელა ზაალიშვილმა ფინალში ასპარეზობის უფლება იაპონელი ტაცურო საიტოს, ჩილიელი ფრანცისკო სოლისის და რუსი ჯამალ გამზატხანოვის იპონებით დამარცხებით მოიპოვა. ჩვენმა ძიუდოისტმა ავსტრიელ სტეფან ჰეგისთან ოქროს მედლისთვის შეხვედრაც წმინდა გამარჯვებით დაასრულა და ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ სანებლიძემ და ზაალიშვილმა წლეულს სოფიაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს.

ერთი დღით ადრე ნასაუს მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ჩემპიონი გახდა ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლით ვაჟთა მედლების ჩათვლაში იაპონიის შემდეგ (2-4-3) მეორე ადგილი დაიკავა.