გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ვერცხლი ავთანდილ კენჭაძის ანგარიშზეა

21 ოქტომბერი 2018

საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ორში წარმატებას მიაღწია. ამასთან, ორივე შემთხვევაში საქმე ფინალამდე მივიდა.

საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) მოუტანა. მან ფინალამდე უზბეკი, პოლონელი, აზერბაიჯანელი და თურქი ფალავნები დაამარცხა და ოქროს მედლისთვის რუს ზაურბეკ სიდაკოვთან ორთაბრძოლის უფლება მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა მეტოქეს ორჯერ აართვა თითო ქულა და დაწინაურდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ მისი გაქვითვა ორქულიანით შეძლო. შედეგად, რუსს მოჭიდავეს ოქრო, კენჭაძეს კი ვერცხლი ერგო.

ბრწყინვალედ იჭიდავა რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა,მძიმე წონაში მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა, რომელმაც  უნგრელ, რუს და ირანელ მეტოქეებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სძლია და ფინალშიც დამაჯერებლად გავიდა. ქართველ ფალავანს დიდი ენერგია არც დასკვნით შეხვედრაში დაუხარჯავს - ჩინელი ჟივეი დენგი თავიდანვე უშანსოდ დატოვა და ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ წონით კატეგორიაში.