სეოკ-ში მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება გაიმართა

22 ოქტომბერი 2018

22 ოქტომბერს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე- პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, მწვრთნელები და  მედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და  ჩვენს სპორტსმენებს და  მწვრთნელებს ბუენოს აირესში წარმატებული გამოსვლა მიულოცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. მან ისაუბრა ახალგაზრდული თამაშებისთვის მოსამზადებლად  ოლიმპიური კომიტეტის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შესაბამისი სპორტული ფედერაციების მიერ გაწეულ საქმიანობაზე. აღინიშნა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა გაიარეს აუცილებელი საწვრთნელი შეკრებები, შეუფერხებლად მონაწილეობდნენ სალიცენზიო ტურნირებში და სხვა შეჯიბრებებში. საბოლოოდ, ერთობლივმა ძალისხმევამ  კარგი შედეგი გამოიღო და საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ბუენოს აირესში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია. ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ თითოეულ ორგანიაზაციას, მწვრთნელებს, სპორტსმენებს, რომელთა თავდადება ისტორიული შედეგით დაგვირგვინდა - საქართველომ უფრო მეტი მედალი მოიპოვა, ვიდრე წინა ორ ოლიმპიადაზე ერთად აღებული.

„არგენტინაში გამგზავრებამდე არაერთხელ ვთქვი, რომ ამ თამაშებზე აუცილებლად ავაჟღერებდით საქართველოს ჰიმნს. ასეც მოხდა - გიორგი ჩხიკვაძემ პირველი ოქროს მედალი აიღო და ამით ყველანი ძალიან გაგვახარა. სხვებმაც გამოიჩინეს თავი და საბოლოოდ ექვსი მედლით დავბრუნდით საქართველოში. ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მონაწილეობით ჩვენმა სპორტსმენებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს, რაც მათ ძალიან გამოადგებათ მომავალში. მინდა მოვუწოდო ჩვენს ოლიმპიელებს, ასეთივე მონდომებით გააგრძელონ ვარჯიში, რათა შემდგომ მოზრდილთა შეჯიბრებებშიც შეძლონ წარმატების მოპოვება," - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

სპორტსმენებს წარმატებული გამოსვლა მიულოცეს და შემდგომი გამარჯვებები უსურვეს მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ.

მესამე ახალგაზრდულ თამაშებზე რომელსაც 6-18 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქი ბუენოს აირესი მასპინძლობდა  საქართველოს სპორტის 10 სახეობაში ჰყავდა 15 ლიცენზიანტი სპორტსმენი : ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა - 10 მ, პნევმატური პისტოლეტი), გიორგი გეგელაშვილი(თავისუფალი ჭიდაობა, 48 კგ) გიორგი თოხაძე  (ბ/რ ჭიდაობა, 51 კგ), გიორგი ჩხიკვაძე  ( ბ/რ ჭიდაობა, 60 კგ), ილია სულამანიძე (ძიუდო, 100 კგ), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა, 69 კგ), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვონდო, 48 კგ), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა, უროს ტყორცნა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), 3X3 კალათბურთელთა გუნდი: ლუკა მაზიაშვილილაშა მიქელაძეოთარ პერტაია და ზურაბ ჟღენტი.

ქართველ სპორტსმენთაგან არგენტინაში პირველი მედალი - ბრინჯაოსი - აიღო  ტყვიის მსროლელმა ნინოხუციბერიძემ. იმავე დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ და ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ. ამას მოჰყვა ჩვენი მოჭიდავეების - გიორგი ჩხიკვაძის ოქროს და  გიორგი თოხაძის და გიორგი გეგელაშვილის  ვერცხლის ჯილდოები.

მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.