თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თითო ოქროსა და ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

23 ოქტომბერი 2018

ბუდაპეშტში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების მონაგარი 2 ბრინჯაოს მედლით გაიზარდა.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მონღოლ ბიამბადორჯ ბატ ერდენეს საჭიდაო გაკვეთილი ჩაუტარა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოუგო და კვარცხლბეკზე ასვლის პატივი დაიმსახურა.

ასევე მესამე ადგილი დაიკავა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ). ქართველმა ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი მაგომედ იბრაგიმოვი დაამარცხა.

ორი დღით ადრე საქართველოს ნაკრებს ოქროს და ვერცხლის მედლები მოუტანეს მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა და ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ).

საბოლოოდ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა თითო ოქროსა და ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.