ანტონ პლესნოიმ საქართველოს ნაკრებში დებიუტი მედლით აღნიშნა

26 ოქტომბერი 2018

საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული უკრაინელი ძალოსნის, ანტონ პლესნოის დებიუტი წარმატებული გამოდგა. 

პოლონეთის ზამოსცში მიმდინარე 20 და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ (94 კგ) ატაცში დაძლეული 172 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაშიც ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ მსაჯმა მხოლოდ პირველი მისვლისას დაძლეული 195 კილოგრამი ჩათვალა, რაც მეოთხე შედეგისთვის აღმოჩნდა საკმარისი. მიუხედავად ამისა, ანტონ პლესნოიმ ორჭიდის ჯამში დაგროვილი 368 კილოგრამით 23-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე რევაზ დავითაძის (85 კგ) მიერ 20-წლამდელებში ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში შესაბამისად მოპოვებული მცირე ოქროს, მცირე ვერცხლისა და ოქროს მედლები და 23-წლამდელებში გოგა ჩხეიძის (69 კგ), მცირე ვერცხლის, მცირე ოქროსა და ორჭიდის ოქროს მედლებია. უფრო ადრე ამავე ასაკობრივ ჯგუფში აკვრაში მცირე ვერცხლი მოიპოვა გოდერძი ბერდელიძემ (62 კგ).