რობერტ კობლიაშვილის ზედიზედ მეორე ბრინჯაო

27 ოქტომბერი 2018

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან სამედლო ბრძოლა 4:2 მოუგო რუსეთის წარმომადგენელს, ბეკხან ოზდოევს. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა გაიმეორა შარშანდელი შედეგი და ამჯერადაც მესამე ადგილზე გავიდა.

გუშინ ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა უდაოდ პერსპექტიული ახალგაზრდა მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (55 კგ).

ჩემპიონატი ხვალ მთავრდება, თუმცა  სხვა ქართველმა ფალავნებმა მედლის აღების შანსი უკვე დაკარგეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ბრინჯაოს 2 მედლით დაასრულა.