სენაკის მერიამ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს გიორგი ჩხიკვაძეს უმასპინძლა

31 ოქტომბერი 2018

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა ქართული სპორტის ისტორიაში ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში პირველ ჩემპიონთან, 17 წლის სენაკელ ფალავანთან ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, გიორგი ჩხიკვაძესთან.

შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, კომიტეტის წევრი ლევან ლატარია, მწვრთნელი ვალერი მურღულია, ჩემპიონის დედა ელზა ჯიჯელავა და მერიის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი ჩხიკვაძემ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, არგენტინაში, სამი ბრძოლა გამართა. პირველ წრეში ძლიერი სომეხი მეტოქე საჰაკ ივანესიანი დაამარცხა, მეორეში - ალჟირელი აჰმედ მერიხი, ფინალში, ვადაზე ადრე, ყირგიზელ ელმირბეკ სადიროვთან ბრძოლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა და ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

პირველად საქართველოს ისტორიაში, სწორედ ბუენოს-აირესში აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი. სრულიად საქართველომ და განსაკუთრებით გიორგის მშობლიურმა სენაკმა დიდი სიამაყით გაიზიარა გიორგის გამარჯვების სიხარული, რომელიც მან თავის ქვეყანას მიუძღვნა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბუენოს-აირესში ისტორიული წარმატებით მოგვრილ შთაბეჭდილებებზე. ელგუჯა ბერიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მნიშვნელობაზე, არგენტინაში ქართველ სპორტსმენთა წარმატებულ გამოსვლაზე, საქართველოს სპორტული დელეგაციის მონაგარში გიორგი ჩხიკვაძის მიერ შეტანილ განსაკუთრებულ წვლილზე. მუნიციპალიტეტის მერმა ისაუბრა სენაკში წარმატებული სპორტსმენების აღსაზრდელად შესაბამისი პირობების შექმნისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე. მან ჩემპიონს გამარჯვება მიულოცა, ფულადი საჩუქარი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.