IOC-ის პრეზიდენტმა ოლიმპიური ქალაქების მსოფლიო კავშირი ოლიმპიური თასით დააჯილდოვა

31 ოქტომბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიური ქალაქების მსოფლიო კავშირი - ყოფილი და მომავალი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქების ასოციაცია, ოლიმპიურ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური თასით დააჯილდოვა.

ოლიმპიური ქალაქების კავშირს საფუძველი ათენმა და ლოზანამ ჩაუყარეს. კავშირის მისია თამაშების მასპინძელ ქალაქებს შორის დიალოგის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გზით ოლიმპიური თამაშების განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე მისი მემკვიდრეობის შექმნაა. დღესდღეობით კავშირში 40 ქალაქია გაწევრიანებული.

„მსოფლიო კავშირი ყოფილი და მომავალი ოლიმპიური ქალაქების გაერთიანებით ოლიმპიურ ცეცხლს მთელ მსოფლიოში აგიზგიზებს", - ოლიმპიური ქალაქების მსოფლიო კავშირის პრეზიდენტ და ლოზანის მერ გრეგუარ ჯუნოსთვის ოლიმპიური თასის გადაცემისას განაცხადა თომას ბახმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური თასით ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ინსტიტუტს ან ასოციაციას, რომელსაც ოლიმპიურ მოძრაობის განვითარებაში აქტიურად შეაქვს წვლილი. ოლიმპიურ თასი 1906 წელს დაარსა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელმა პიერ დე კუბერტენმა.