საქართველოს ძიუდოისტთა 5 მედალი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

04 ნოემბერი 2018

უნგრეთის გიორში დამთავრებულ 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 5 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ჩემპიონატის პირველი დღე ვერცხლის მედლით დაასრულა ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ), რომელიც ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძესთან  დამარცხდა.

იყოჩაღა გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), რომელსაც მეოთხედფინალში წაგების შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსი მიეცა. ლიპარტელიანმა ეს შანსი წარმატებით გამოიყენა, ხორვატი და გერმანელი მეტოქეები დაამარცხა და ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების მედლების კოლექცია ჩემპიონატის მეორე დღესაც ორი ჯილდოთი შეივსო. ამასთან, ორივე მედალი 81 კილოგრამ წონით კატეგორიაზე მოდის, სადაც ვლადიმერ ახალკაცისა და თამაზ კირაკოზაშვილის მონაწილეობით ქართული ფინალიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო კირაკოზაშვილი ტატამზე აღარ გასულა, ჩემპიონობა კი ახალკაცს დარჩა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი აიღო ონისე სანებლიძემ (100 კგ), რომელმაც სამედლო შეხვედრა იპონით მოუგო ავსტრიელ აარონ ფარას.