ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

10 ნოემბერი 2018

პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ  ბრწყინვალედ იასპარეზა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში დამთავრებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ყველაზე პრესტიჟულ - ზემძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ). ამას გარდა, ლაშამ ატაცში, აკვრასა და ორჭიდში მსოფლიოს 7 რეკორდი  დაამყარა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში.

მას შემდეგ, რაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და წონითი კატეგორიების ახალი კლასიფიკაცია შემოიღო, მსოფლიო რეკორდების ათვლა თავიდან დაიწყო და ეს სწორედ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეკორდსმენთა ახალ სიას  სათავეში ჩაუდგა ლაშა ტალახაძე და მისი პოტენციალის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში ლაშას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდეს.

ლაშა ტალახაძემ ამ ჩემპიონატზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა, როცა ატაცში, აკვრასა და ორჭიდში დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა ყველა მეტოქე. ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კიდევ ერთი ქართველი მძიმეწონაოსანი ირაკლი თურმანიძე, რომელმაც ტრავმის გამო ორჭიდში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

საინტერესოა, რომ სწორედ 2018 წლის მსოფლიო  ჩემპიონატიდან დაიწყო  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულების ათვლა. საქმე ის არის, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა აქამდე  არსებული წესი, როცა  ოლიმპიური ლიცენზიები გუნდური ქულების ჯამური მაჩვენებლის შესაბამისად ნაწილდებოდა. ამჯერად ძალაში შევიდა ინდივიდუალური რეიტინგები, რაც იმას ნიშნავს, რომ   მომავალი ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებენ არა გუნდები, არამედ ცალკეული სპორტსმენები, რომლებიც 2018-2020  წლებში ჩასატარებელ სარეიტინგო შეჯიბრებებში ნაჩვენები შედეგებით საუკეთესო 14 ძალოსანს შორის მოხვდებიან. ოღონდ, თითოეულ ქვეყანას ოლიმპიადაზე არაუმეტეს 4 ძალოსნის წარდგენის უფლება ექნება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის აზრით,  რომელიც აშხაბადში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატს ესწრებოდა, დიდი ალბათობით, ტოკიოში ქართველი ძალოსნები სრული შემადგენლობით გამოვლენ: „ქართული ძალოსნობა ისეთი ტემპით ვითარდება, რომ მომავალ ოლიმპიადაზე ჩვენ ძლიერი გუნდით წარვსდგებით. გადახედეთ ბოლო წლებში გამართულ  ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებულ მედლებს, ასაკობრივ და მოზრდილთა საერთაშორისო შეჯიბრებებში ნაჩვენებ შედეგებს და ამაში თავადვე დარწმუნდებით. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის და მწვრთნელთა კორპუსის გეგმაზომიერმა და მიზანმიმართულმა პროფესიონალურმა საქმიანობამ მართლაც კარგი შედეგი გამოიღო. ჩვენ ყველანი ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველომ ხუთი მედალი მოიპოვა, მათ შორის - სამი ოქროსი და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ეს არის მართლაც შთამბეჭდავი შედეგი. რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, მისი სახით ჩვენ გვყავს ფენომენალური ძალის და პოტენციის სპორტსმენი, რომელმაც აშხაბადში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  სამართლიანად ფლობს მსოფლიოს  უძლიერესი მამაკაცის ტიტულს."