საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თურქმენეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

12 ნოემბერი 2018

თურქმენეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წარმატებით იასპარეზა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში.

თბილისის აეროპორტში ქართველ ძალოსნებს დახვდა და წარმატება მიულოცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები, სპორტის გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ახლობლები.

მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი მესამე ადგილი დაიკავეს.

სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის შეფასებით, ეს არის ძალიან კარგი შედეგი და იმის დასტური, რომ საქართველოში ძალოსნობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა: „მინდა მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვება მივულოცო ლაშა ტალახაძეს, რომელსაც დღეს მსოფლიოში რეალური კონკურენციას ვერავინ უწევს. ლაშა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო ძალოსნობის სახეა და მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ კვარცხლბეკზე. ასევე მედლის მოპოვებას ვულოცავ ჩვენი გუნდის გამოცდილ კაპიტანს ირაკლი თურმანიძეს და ახალგაზრდა რეზო დავითაძეს. ურიგოდ არ გამოსულან ნაკრების სხვა წევრებიც, რომლებმაც პირველი სალიცენზიო ქულები აიღეს. მოგეხსენებათ, ამ ჩემპიონატიდან დაიწყო 2020 წლის ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლა და ეს შეჯიბრება ამ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი."