ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

13 ნოემბერი 2018

ბუქარესტში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს გათამაშებული ოთხი ოქროს მედლიდან საქართველოს ნაკრებმა ორი უმაღლესი ჯილდო მოიპოვა - ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს.

წურწუმიამ უმსუბუქესი წონის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ვიტალი კაბალოევი 3:2 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის პატივი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ წურწუმიამ  ორი კვირით ადრე გამართულ მოზრდილთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მძიმეწონოსანთა შორის საუკეთესო ზვიად პატარიძე აღმოჩნდა. კადეტებში და ახალგაზრდებში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა საკუთარ საჩემპიონო ყულაბას 23-წლამდელთა უმაღლესი სინჯის მედალიც შემატა. ქართველმა გოლიათმა ფინალში თურქი ოსმან ილდირიმი 6:5 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა, რაც მისი მეექვსე შესაბამისი წარმატებაა.