საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

14 ნოემბერი 2018

ბუქარესტში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

ქართველთაგან ყველაზე შორს გელა ბოლქვაძე (82 კგ) წავიდა, რომელმაც ფინალამდე მიმავალ გზაზე ჩინელი, ბელარუსი და იაპონელ მეტოქეები ჩამოიცილა გზიდან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუმინელ ნიკუ სამუელს სძლია და ჩემპიონიც გახდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა რამაზ ზოიძეს (72 კგ), რომელმაც ირანელი, უზბეკი, რუსი და ყაზახი ფალავნების დამარცხების შემდეგ ფინალში თურქ ჩენგიზ არსლანთან წააგო.

საქართველოს ნაკრებს მესამე ხარისხის მედალი შემატა გიორგი მელიამ (97 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მელიას ურთიერთობის გარკვევა მოუწია იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილთან. მათ შორის გამარჯვება სწორედ მელიას დარჩა.

ერთი დღით ადრე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებიდან ჩემპიონები გახდნენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

საქართველოს ნაკრებმა ბუქარესტის მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა.