ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

23 ნოემბერი 2018

დღეს, 23 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ ტურიზმის სფეროს განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის სპორტული აქტივობებით  დაინტერესების მიზნით ითანამშრომლონ ერთმანეთთან და განიხილონ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ჩოგბურთის ფედერაციას შორის 2017 წლის 13 ივნისს დადებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების  მოქმედების ვადის 49 წლამდე გაზრდის საკითხი. საუბარია მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, რომელიც 2015 წელს, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა. კომპლექსი აერთიანებს 7 ღია და 4 დახურულ კორტს.ტრიბუნა გათვლილია 800-მდე მაყურებელზე. ჩოგბურთის ფედერაცია გამოთქვამს მზადყოფნას , თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ტურიზმის წახალისებასა და სპორტის მიმართულებით შესაბამისი პროექტების განხორციელებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.

ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მოადგილე შალვა გოგოლაძე.

 შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მემორანდუმის დადებით მხარეებზე ისაუბრა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა: ,,ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ,,თბილისი 2015 -ის " მზადებისას ჩვენ ავაშენეთ არაერთი სპორტული ობიექტი. ერთ-ერთი გახლავთ მზიურის კორტები. სასიხარულოა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა - დღეიდან 49 წლის ვადით ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცემა მზიურის კორტები. კარგი იქნება, თუ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ  სხვა სპორტული ობიექტებთან დაკავშირებით და ასევე გადავცემთ შესაბამის ფედერაციებს".