თომას ბახმა სპორტსმენების სახელით მოლაპარაკე მოხელეები გააკრიტიკა

29 ნოემბერი 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა ტოკიოში მიმდინარე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე (ANOC) ის მოხელეები გააკრიტიკა, რომლებიც სპორტსმენების ზურგს ამოფარებულნი საკუთარ მოსაზრებებს გვახვევენ თავს.

სამწუხაროდ, სხვადასხვა ჩინოსანისგან მესმის, რომ ისინი სპორტსმენების სახელით საუბრობენ, - ტოკიოში, ANOC-ის ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა, - მიმაჩნია, რომ სპორტული სამყაროს სახელით ლაპარაკი მხოლოდ ათლეტთა კომისიას და მის მმართველ კომიტეტს შეუძლია. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ, რადგან მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ყველას შეუძლია კრიტიკა და საკუთარი მოსაზრების გახმოვანება, მაგრამ არ მესმის, როდესაც სპორტის სამყაროში არავისგან არჩეული რომელიმე მოხელე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს და ამტკიცებს, რომ მსოფლიო ათლეტების სახელით საუბრობენ. მათ უნდა თქვან, რომ ეს ჩემი ან ადამიანთა ჯგუფის მოსაზრებაა."

თომას ბახმა ხაზი გაუსვა, რომ IOC-ის სპორტსმენთა კომისია არჩეულია და არა დანიშნული. ამასთან განმარტავს, რომ ათლეტთა უფლებამოვალეობები ერთხმად მიიღეს ოქტომბერში, ბუენოს აირესის IOC-ის სესიაზე.