სირია საოლიმპიადოდ სპორტსმენებს ეძებს

14 დეკემბერი 2018

ისტორიაში პირველად, სირია ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას გეგმავს და საამისოდ საზღვარგარეთ იმ სპორტსმენებს ეძებს, რომლებიც სირიის დროშით ასპარეზობას შეძლებენ. გარდა ამისა, სირიის ხელისუფლება ომის შედეგად დაზარალებული მსხვილი სპორტული ობიექტების აღდგენას აპირებს ლატაკიასა და ალეპოში.

„უცხოეთში მცხოვრებ სირიელთა მოსაზიდად გეგმები გვაქვს, რათა მათ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი დროშის ქვეშ იასპარეზონ. ჯერჯერობით ჩვენს ამგვარ მცდელობას შედეგი არ მოუტანია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ, - განაცხადა სირიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მოვაფაკ ჯუმა და იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას გეგმავენ, - ზამთრის სპორტის განსავითარებლად კლიმატი ხელს არ გვიწყობს, მაგრამ სირიის ოლიმპიური კომიტეტი ამ მიმართულებით სამუშაოებს გააფართოებს. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იქნება ომამდე მოქმედი ჰოკეის დარბაზების ამოქმედება."

სირიის ოლიმპიური ნათლობა 1948 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა. სირიელთა ოლიმპიური მონაგარი სამივე ხარისხის თითო მედალს ითვლის.