სეულს 2032 წლის ოლიმპიური თამაშების ფხენიანთან ერთობლივად მასპინძლობა 3,4 მილიარდი დაუჯდება

20 დეკემბერი 2018

სამხრეთ და ჩრდილოთ კორეას 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების ერთობლივად მასპინძლობა სეულს დაახლოებით 3,4 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდება. სეულის ქალაქის მთავრობის სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ერთად ოლიმპიური თამაშების შესაძლო ჩატარების პროექტის განხილვისას მის ბიუჯეტზეც იმსჯელეს.

პროექტში აღნიშნულია, რომ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისას სეულსა და ფხენიანს შორის ტერიტორიული სიახლოვე  მათ გარკვეულ შეღავათებს და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ 2032 წლის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასპინძლობაზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თებერვალში განაცხადით მიმართავენ.

2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებში IOC-ის შტაბ-ბინაში ორივე კორეის წარმომადგენელთა ვიზიტია დაგეგმილი.