ამერიკელ სენატორთა კანონპროექტით, დოპინგზე სისხლის სამართლის სასჯელი უნდა დაწესდეს

23 დეკემბერი 2018

ამერიკელმა სენატორებმა - შელდონ უაითჰაუსმა და ორინ ჰეჩმა საერთაშორისო შეჯიბრებებზე დოპინგის გამოყენების შესაზღუდავად კანონპროექტი შეიმუშავეს. კანონპროექტის თანახმად, რომელსაც მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის აქტი ეწოდება, უნდა დაწესდეს სისხლის სამართლის სასჯელი მათთვის, ვინც  საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობებზე შედეგების გასაუმჯობესებლად აკრძალულ ნივთიერებებს ან მეთოდებს გამოიყენებს.

სენატორთა განცხადებით, კანონი უნდა გავრცელდეს ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებაზე, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი სპორტსმენები, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომელთა ორგანიზატორებსაც სპონსორულ მხარდაჭერას უწევენ აშშ-ს ბიზნეს-კომპანიები.

კანონპროექტის თანახმად, დოპინგთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის დაწესდება ერთ მილიონ აშშ დოლარამდე ჯარიმა ან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის სიმძიმის მიხედვით). გარდა ამისა გაცხადდა, რომ სპორტსმენებსა და სხვა პირებს, რომლებიც დოპინგ-შეთქმულების მსხვერპლი გახდნენ და ამ მიზეზით დაკარგეს მედლები ან საპრიზო თანხა, უფლება ექნებათ ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ.

აშშ-ის სენატში „როდჩენკოვის აქტის" გატანას მიესალმება სპორტში თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი სამართლიანი სპორტის (FairSport) დამოუკიდებელი ფონდი.