საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა

27 დეკემბერი 2018

2018 წლის სპორტსმენის ტიტულის მფლობელი გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკოდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია რეზი დავითაძე - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ძალოსნობაში უფროსებს შორის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.

ნომინაციაში 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში, გაიმარჯვა ლევან საგინაშვილმა. ქართველი მკლავჭიდელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

2018 წლის საუკეთესო მსაჯი გახდა ელისო ბედოშვილი - საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი მხატვრულ ტანვარჯიშში.

2018 წლის საუკეთესო ფედერაციის წოდება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ დაიმსახურა, 2018 წელს მოპოვებული განსაკუთრებული სპორტული შედეგებისთვის.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ნინო ოძელაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი სამბოში, პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი საჭიდაო სახეობებში.

2018 წლის საუკეთესო გუნდი წოდება მიენიჭა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს UEFA-ს ერთა ლიგაში მოპოვებული წარმატებისთვის.

2018 წლის აღიარება - ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია - UNESCO-მ ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2018 წლის საუკეთესო მენეჯერი გახდა ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

სპორტისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

2018 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი ასანიძეს მიენიჭა.

2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ტიტული ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ მიმდინარე წელს მსოფლიოს თასი ხუთჯერ მოიგო, არის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი.

2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი კი ზვიად გოგოჭურია - მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო თასის 2-გზის გამარჯვებული პარაძიუდოში.
დღესვე სამინისტრომ 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მიანიჭა გენო პეტრიაშვილს - 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

სპეციალური პრიზები გადაეცათ:

2017 წელს ნაჩვენები სპორტული შედეგებისთვის პრიზი მიიღო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

წლის აღმოჩენა - გიორგი ჩაკვეტაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი
საერთაშორისო აღიარება - ზვიად პატარიძე - 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვერსიით.

სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო პერსონალი

2018 წლის საუკეთესო ლეგიონერის პრიზი მიიღო თორნიკე შენგელიამ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის დაჯილდოვდა გია გიორგაძე, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი.

ზამთრის სპორტის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზი გადაეცა ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს.
მსოფლიოში საქართველოს პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდნენ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - იმპერატორის თასისა და ოძეკის ტიტულის მფლობელი პირველი ქართველი პროფესიონალი სუმოისტი; ზაზა ფაჩულია - NBA-ს ორგზის ჩემპიონი, Golden State Warriors-ის შემადგენლობაში და ნიკოლოზ ბასილაშვილი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ATP-ის ტურნირების პირველი ქართველი ჩემპიონი, მსოფლიოს 21-ე ჩოგანი.

mes.gov.ge