საქართველოში პირველი სპორტული სკოლა-ინტერნატის დამაარსებლის გიორგი მერკვილაძის სახელობის ბარელიეფი გაიხსნა

27 დეკემბერი 2018

ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში შედგა და ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

ეროვნული ცენტრის შენობაში მოეწყო ცენტრის მიერ აღზრდილი ცნობილი სპორტსმენების ამსახველი ფოტოგამოფენა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის დირექტორმა ბორია ფირცხელიანმა, ცენტრის მწვრთნელებმა და პედაგოგებმა.

დღესვე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ეროვნულ ცენტრსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის, რომელსაც ხელი ბორია ფირცხელიანმა და მამუკა ხაბარელმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ.