აპრილში ლოზანა ერთ სივრცეში ორ ფორუმს უმასპინძლებს

28 დეკემბერი 2018

გაისად, აპრილის შუა რიცხვებში ლოზანა ოლიმპიური მოძრაობისა და მთლიანად სპორტის განვითარების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ორ ფორუმს უმასპინძლებს.

13-15 აპრილს, იქ, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაა განთავსებული, მთელი მსოფლიოდან შეიკრიბებიან ათლეტები, ხოლო 15-17 აპრილს იქვე ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის (WOA) მეორე ფორუმი გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ ღონისძიებას 120 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმის მონაწილეთათვის მოეწყობა სხვადასხვა სემინარი, პრეზენტაცია და მრავლისმომცველი კულტურული პროგრამა.

ფორუმის ძირითადი თემა და WOA-ს დევიზი გახდება ფრაზა: „ოლიმპიელები სამუდამოდ". ძირითადი ყურადღება დაეთმობა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გამყარებას, ოლიმპიურ მოძრაობაში ჩართული სპორტული ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას. გარდა ამისა, ორგანიზატორთა გეგმებშია ფორუმის ფარგლებში WOA-ს და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ათლეტთა კომისიის ერთობლივი სხდომის ჩატარება, რომლის მიზანიც იქნება ამ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების აწყობა.