CAS-მა ახალი ანტისადოპინგო განყოფილება შექმნა

03 იანვარი 2019

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) ანტისადოპინგო განყოფილების შექმნის შესახებ იტყობინება. მისი უშუალო მოვალეობა იქნება „ანტისადოპინგო საკითხებთან დაკავშირებული პროცედურების" ჩატარება. ეს განყოფილება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და სპორტის საარბიტრაჟო საერთაშორისო საბჭოსთან (ICAS) ერთად, სანქციების დაწესებაზე აიღებს პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს დროებითი ანტისადოპინგო განყოფილებები რიოს (2016) და პიონჩანგის (2018) ოლიმპიური თამაშების დროს მუშაობდა.

ICAS-მა მომავალი 4 წლის ვადით განყოფილების წევრები დაასახელა. მათ შორის 2 ახალი მოსამართლეა: ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, იამაიკელი პატრიკ რობინოსონი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ავსტრიელი ელიზაბეთ სტეინერი.

განყოფილების წევრებს შორის არიან: ტრიატლონის საერთაშორისო კავშირის გენერეალური მდივანი, ესპანელი ანტონიო არიმანი, ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, შვეიცარიელი მიკაელ რენჩი და მეფე ხუან კარლოსის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ესპანელი პროფესორი ენრიკე არნალდო ალკუბილა.

განყოფილების ხელმძღვანელთა არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება.