ლოზანის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება თავისუფალი იქნება

12 იანვარი 2019

ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორთა განცხადებით, ამ ასპარეზობის გახნის ცერემონიის გარდა, შეჯიბრებებზე დასწრება თავისუფალი იქნება.

ლოზანაში გადაწყვეტილი აქვთ, ბუენოს აირესის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მოდელი დანერგონ. მოდელი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან (IOC).

თამაშების გახსნის დასასწრები ბილეთები გაიყიდება, გახსნას კი უმასპინძლებს ჰოკეის არენა. ეს არენა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის და ჰოკეისტთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აიგო.

ლოზანა-2020-ის ბილეთების პროგრამასთან დაკავშირებით დეტალები ჯერ არ გახმაურებულა, რადგან საორგანიზაციო კომიტეტი პარტნიორებთან ერთად კვლავაც მოლაპარაკებების პროცესშია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბუენოს აირესის თამაშებზე დასწრების მსურველები ციფრულად რეგისტრირდებოდნენ. ეს მათ შეჯიბრებებზე და ცერემონიებზე თავისუფლად დასწრების საშუალებას აძლევდა.

ლოზანის ზამთრის თამაშებზე (9-22 იანვარი) 80 ქვეყნის 1880 ათლეტს ელიან.