ექსპერტები WADA-ს საკუთარ მოხსენებას რუსეთის დატოვებამდე არ მიაწვდიან

16 იანვარი 2019

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ექსპერტები, რომლებიც რამდენიმე დღეა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში იმყოფებიან, გართულებების გარეშე მუშაობენ.

14-15 იანვარს WADA-ს კომიტეტის სხდომაზე RUSADA-ს სტატუსთან დაკავშირებით მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელი საბჭოსთვის რეკომენდაციები უნდა შემუშავებულიყო. სხდომის შედეგები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რუსული მხარე იმედოვნებს, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ გადაწყდება. 

2011-2015 წლებში რუსი სპორტსმენებისგან აღებულ დოპინგ-სინჯების მონაცემთა ბაზებთან WADA-ს ექსპერტთა მუშაობა, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, დღემდე გრძელდება. 

WADA-ს გენერალური დირექტორის ოლივე ნიგლის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა ბაზებში მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარ მოხსენებასა და რეკომენდაციებს რუსეთის დატოვებამდე არ მიაწვდის. მისი განმარტებით, ყოველივე არამარტო უსაფრთხოების მოსაზრებით კეთდება, არამედ მისიის საქმიანობაში ჩარევის თავიდან ასაცილებლად.