IOC 27 რუს სპორტსმენთან დაკავშირებით CAS-ის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

19 იანვარი 2019

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) შვეიცარიის ფედერალურ სასამართლოში არ გაასაჩივრებს 27 დისკვალიფიცირებულ რუსს სპორტსმენთან დაკავშირებით სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გამამართლებელ ვერდიქტებს. IOC-ის შესაბამის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსი მოთხილამურის ალექსანდრ ლეგკოვის საქმესთან დაკავშირებით აპელაციის დაუკმაყოფილებლობა.

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებამდე IOC-ის კომისიამ სოჭის 2014 წლის თამაშების მონაწილე 43 რუსი სპორტსმენი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ სცნო და მათი შედეგები გააუქმა, უშუალოდ სპორტსმენები თამაშებში მონაწილეობისგან სამუდამოდ მოიკვეთნენ. ამას მოჰყვა რუსული მხარის საჩივრები. შედეგად, CAS-მა სრულად დააკმაყოფილა 28 რუსი სპორტსმენის, მათ შორის ლეგკოვის და ნაწილობრივ 11 ათლეტის აპელაცია.

IOC-ის რელიზში აღნიშნულია, რომ კომიტეტი დანარჩენ 27 სპორტსმენთან დაკავშირებით არ განიხილავს აპელაციის შესაძლებლობას, რადგან CAS-ის მიერ გამოტანილი ვერდიქტები ლეგკოვის საქმის მსგავსია.

 აღსანიშნავია, რომ IOC ახალი მტკიცებულებების გაჩენის შემთხვევაში საქმის თავიდან გახსნის უფლებას იტოვებს.

სოჭის 2014 წლის თამაშებზე ლეგკოვმა ბარის თხილამურებით 50 კილომეტრზე რბოლაში ოქროს მედალი მოიპოვა, ესტაფეტაში კი - ვერცხლის. IOC-მა რუსი სპორტსმენი ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დამნაშავედ სცნო, მედლები ჩამოართვა და თამაშებიდან სამუდამოდ მოკვეთა, თუმცა  CAS-მა სასჯელი გააუქმა, რაც თავის მხრივ IOC-მა შარშან ივლისში ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივრა.